არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“, პროექტის - Dream4Youth-ის ფარგლებში, პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა 
01-10-2026

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებამ“ წყალტუბოელი ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ახალი, მასშტაბური პროექტი - Dream4Youth დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სკოლა „ოცნება“ წყალტუბოს მოსწავლე-ახალგაზრდობას უმასპინძლებს შეხვედრებზე, სადაც სპეციალურად მოწვეული სპიკერები - სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიონალები ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, უკეთ გააცნობენ თავიანთ პროფესიებს, მოუყვებიან საკუთარ გზაზე და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

25 სექტემბერს, სკოლა „ოცნებამ“ პროექტის ფარგლებში პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის სპიკერი ბრიტანული საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური კომპანია Edumentors-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ასათიანი გახლდათ.

შეხვედრას წყალტუბოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სპიკერის გამოსვლა ცოცხალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებით, გამოცდილების გაზიარებით, გულწრფელი დიალოგით იყო სავსე.

თორნიკე ახალგაზრდებს ესაუბრა საკუთარ გზაზე - განათლებაზე, ბიზნესსა და ტექნოლოგიებზე, სტარტაპის შექმნაზე, წარმატებამდე მისასვლელ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც მის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მისი გამოსვლა განსაკუთრებით საინტერესო იყო სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალური გამოცდილებიდან მოესმინათ, როგორ შეიძლება იქცეს იდეა მიზნად, მიზანი კი რეალურ შედეგად.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. მოსწავლეებმა სპიკერს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები განათლების, კარიერის, ბიზნესის და ამ გზაზე - ადამიანური ურთიერთობების შესახებაც კი.

„განსაკუთრებული მადლობა თორნიკე ასათიანს, რომელმაც მიიღო ჩვენი მოწვევა, გამონახა დრო წყალტუბოელ ახალგაზრდებთან შესახვედრად და ასე გულწრფელად გაუზიარა მათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ხედვები.

მადლობა, თითოეულ ახალგაზრდას, ვინც ჩვენს პირველ შეხვედრას დაესწრო, კითხვები დასვა, მოისმინა, დაინტერესდა და ამ დღის ნაწილი გახდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო სტუმარი და შეხვედრა გველოდება.

#Dream4Youth სკოლა „ოცნების“ ახალი პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი წყალტუბოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობენ მრავალფეროვან პროფესიულ გზებს, გააზიარებენ საკუთარი წარმატების ისტორიებს.

თითოეული შეხვედრა, მოწვეული სტუმარი და რეგისტრაციის დეტალები წინასწარ დაანონსდება სკოლა „ოცნების“ Facebook გვერდზე.

შეხვედრები გაიმართება გურამ (გუგა) კინწურაშვილის სახელობის საკონფერენციო სივრცეში, სკოლა „ოცნებაში“.

ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლოა, ერთმა შეხვედრამ ახალი იდეა გააჩინოს, ერთმა ისტორიამ ახალი მიზანი დასახოს, ერთმა ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გააღვიძოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობსიკენ მოუწოდებენ. „Dream4Youth - მოდი შეხვედრაზე, გააზიარე გამოცდილება, შექმენი მომავალი“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203