
სკოლის ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული მომზადების ახალი პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რათა კვალიფიციური ექიმების დეფიციტი შემცირდეს და სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა გაუმჯობესდეს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხისა და სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტის ლიანა სირაძეს შეხვედრის შემდგომ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება.
„შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით სკოლის ექიმების კვალიფიკაციისა და ამ პროფესიაში შესვლის ხელშემშლელ ბარიერებზე.
ასევე განიხილეს პროფესიული სწავლების სისტემაში მოზარდთა მედიცინისა და სასკოლო ექიმის მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ამ სფეროში არსებული დეფიციტის შემცირებას.
შეხვედრისას იმსჯელეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზეც, რომელიც ექიმების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა სკოლაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, რათა დაცული იყოს მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.