
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. სკოლაში წელს ერთი პირველკლასელი შეემატა, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი 11-ს შეადგენს.
მცირეკონტინგენტიან სკოლას თავისი სპეციფიკა და გამოწვევები აქვს, თუმცა, დირექტორის, ზურაბ მეზვრიშვილის თქმით, პედაგოგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ თითოეული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო, მიმზიდველი და მრავალფეროვანი იყოს.
მისივე განცხადებით, მცირე რაოდენობის მოსწავლეები მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებზე გააკეთონ აქცენტი და თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებს მეტი ყურადღება დაუთმონ.
ხორხელის საჯარო სკოლაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად მცირეკონტინგენტიანი სკოლის სპეციფიკისა, მთავარია, მოსწავლეებისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც სწავლა მათთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო პროცესი იქნება.