
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს. სწორედ ამაზე საუბრობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი თეო ავლახაშვილი.
თეო ავლახაშვილი, რომლის შვილმაც სწავლა პოლონეთში გააგრძელა და ახალ სასკოლო გარემოს წარმატებით მოერგო, აღნიშნავსმ რომ ბეკამის საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა ლუკასთვის ახალ სასკოლო გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი აღმოჩნდა.
მშობლები ღელავდნენ თუ რამდენად მარტივად შეძლებდა ბავშვი უცხო გარემოსა და ახალ გამოწვევებთან ადაპტაციას, თუმცა, ლუკას ახალი სკოლა და სასწავლო პროცესი ძალიან მოსწონს, მისი მომზადების დონესა და დისციპლინას კი ადგილობრივი პედაგოგები აქტიურად აღნიშნავენ. მოსწავლემ უკვე რამდენიმე საგანში უმაღლესი შეფასებაც მიიღო.
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის.
„ძვირფასო დირექციავ და საყვარელო პედაგოგებო,
მინდა, ჩემი უღრმესი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ!
პოლონეთში სკოლაში სწავლა რომ დაიწყო ლუკამ, რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, თუ როგორ აუწყობდა ბავშვი ფეხს უცხო გარემოსა და ახალ გამოწვევებს. დღეს კი უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ - ჩემი შვილი აღფრთოვანებულია სასკოლო გარემოთი, ძალიან მოსწონს სწავლის პროცესი, ხოლო ადგილობრივი პედაგოგები მოხიბლულები არიან მისი მომზადების დონითა და დისციპლინით. უკვე რამდენიმე საგანში უმაღლესი შეფასება და უამრავი პლიუსიც დაიმსახურა!
ეს დიდი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა. იმ მყარმა საძირკველმა, ცოდნამ და სწავლის სიყვარულმა, რაც თქვენს სკოლაში ჩაეყარა, საშუალება მისცა უცხო ქვეყანაშიც კი ასე ღირსეულად და ბრწყინვალედ წარმოეჩინა თავი.
უღრმესი მადლობა სკოლის დირექციას ასეთი ძლიერი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, ხოლო მასწავლებლებს — იმ დაუღალავი ამაგისა და სითბოსთვის, რაც ჩემს შვილს შორ მანძილზეც თან გაჰყვა“,- ვკითხულობთ მადლობის წერილში.