„ნოროვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული“- თბილისის მერის მოადგილე
24-09-2026

დადასტურებულია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ავადობის მიზეზი ვირუსი იყო და არა საკვებით ინტოქსიკაცია - აღნიშნულის შესახებ კახა აბულაძემ ,,პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

,,ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, დადასტურდა რომ ეს არის ნოროვირუსი. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული პროცესი არ ყოფილა.

ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ჩვენც ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომის ეს პერიოდი არის ხოლმე ვირუსების გამოვლენის პერიოდი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, ნოროვირუსი მხოლოდ საბავშვო ბაღებში არ გავრცელებულა და ამ ვირუსით კლინიკებს მოსახლეობის სხვა ჯგუფიდანაც მიმართავენ.

,,აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, მათ შორის აღმზრდელიც. ბევრ პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მოსახლეობის სხვა ჯგუფების მხრიდანაც არის კლინიკებში მიმართვა”,- განაცხადა აბულაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203