
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანი, ლევან გვეტაძე ესტუმრა და სკოლას საჩუქრად საავტორო წიგნები - „ჯარისკაცის ჩანაწერები“ გადასცა.
წიგნები სკოლის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შეემატება და მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ჯარისკაცის გამოცდილებასა და ჩანაწერებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კითხვის კულტურისა და წიგნის სიყვარულის გასაძლიერებლად, ასევე პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად.
სკოლა ლევან გვეტაძეს სტუმრობისთვის, ყურადღებისა და მოსწავლეებისთვის გაკეთებული ღირებული საჩუქრისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ „ჯარისკაცის ჩანაწერები“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხავი გახდება.
„დღეს ჩვენმა სკოლამ განსაკუთრებულ სტუმარს - ბატონ ლევან გვეტაძეს - უმასპინძლა.
სტუმრობის ფარგლებში მან სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნები - „ჯარისკაცის ჩანაწერები“, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით.
წიგნი ცოდნის, გამოცდილებისა და ადამიანური ღირებულებების გაზიარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული ადამიანი, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდებში კითხვის კულტურისა და წიგნის სიყვარულის გაღვივებაზე.
დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გაკეთებული ამ ღირებული საჩუქრისთვის.
გვჯერა, რომ „ჯარისკაცის ჩანაწერები“ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხავი იქნება. ვაფასებთ თქვენს სტუმრობას და მხარდაჭერას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.