განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რომ მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ
22-09-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი განსხვავებულ გარემოში დაიწყო. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება დროებით სხვა სკოლაში უწევთ.

როგორც განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი, კაკო ანთაძე აცხადებს, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის სკოლა ახალ გარემოს აქტიურად ერგება.

„ახალი სასწავლო წელი სხვა სკოლაში დავიწყეთ. მობილიზებულები ვართ და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ ახალ სივრცეს, სადაც მეგობრულად და გულთბილად მიგვიღეს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ცდილობენ, მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო მაქსიმალურად კომფორტული და ორგანიზებული იყოს.

კაკო ანთაძე მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ სწავლის გაგრძელებას მალე განახლებულ სკოლაში შეძლებენ.

დირექტორის ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. განახლებული შენობა არა მხოლოდ სასწავლო გარემოს გააუმჯობესებს, არამედ მისი ექსპლუატაციის ეფექტიანობასაც გაზრდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთიადის საჯარო სკოლაში მოსალოდნელია ენერგომოხმარებისა და CO₂-ის ემისიების შემცირება. ასევე, შემცირდება შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.

სკოლის საზოგადოება იმედოვნებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე, განახლებულ და უფრო კომფორტულ სასწავლო გარემოს დაუბრუნდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203