
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს.
15 სექტემბერს, სკოლის კარი საზეიმოდ გაიღო. მოსწავლეთა დაბრუნებას დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით ელოდნენ და ბავშვების მოტივაციაზეც გამორჩეულად იზრუნეს. მათ მოწაფეებს საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს.
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა.
სკოლის დირექტორმა თენგიზ ოსეფაიშვილმა სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.
„საზეიმოდ მორთული სკოლა შეეგება თავის მოსწავლეებს. იყო ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება. როგორ მოგვნატრებია მშობლიური საკლასო ოთახები, მერხები, ყველა კუთხე-კუნჭული. მოვედით მზით გარუჯულები, გაკაჟებულები და ენერგიით სავსენი. დაიწყო ახალი სასწავლო წელი ახალი სურვილებით, ახალი მიზნებით, უკეთესად სწავლის სურვილით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წელსაც საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდებიან.
ერკეთის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ახალ სასწავლო წელს, უსურვებს წინსვლას და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
იხილეთ ფოტოები: