
15 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. ამ დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ, ისინი ხომ პირველ ნაბიჯებს დგამენ ცოდნის ტაძარში, ამიტომ დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე გამორჩეულად იზრუნეს. პატარებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. სასკოლო საზოგადოებამ კი სასკოლო ცხოვრების დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
სკოლის დირექტორმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მასწავლებლებო, მშობლებო ცოდნისა და სკოლის დღეს. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს უმცროსკლასელებს ცხოვრების მნიშვნელოვან და ლამაზ ახალ ეტაპზე გადასვლას. პირველკლასელებს ვუსურვებთ კარგ და ნათელ გზას, საინტერესო აღმოჩენებს, ახალ წარმატებებს და ულევ ლამაზ ღიმილს. მადლობა, ყველა ორგანიზატორს, მასწავლებელს, მეთორმეტეკლასელებს, არამ თათარიანს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს პედაგოგიურ კოლექტივს.
ძვირფასო კოლეგებო,
გულწრფელად მადლიერი ვარ ამ თბილი და ლამაზი ღონისძიებისთვის. თქვენი მონდომება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ასეთ ერთგულ და ერთიან პედაგოგიურ კოლექტივთან მუშაობა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი შრომის, ურთიერთთანადგომისა და ნდობის წყალობით, კიდევ ბევრ ლამაზ წარმატებას მივაღწევთ.
მადლობა თავდადებისთვის, მხარდაჭერისთვის და თბილი ადამიანური დამოკიდებულებისთვის“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო