
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი 2026-2027 სასწავლო წელი, როგორც ყოველთვის, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მოსწავლეთა დაბრუნება და ახალი თაობის მიღება სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია. მოსწავლე-მასწავლებლები ამ დღეს ერთად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.
წელს სკოლის კარი ორმოცმა პირველკლასელმა შეაღო. პატარები ცოდნასა და განათლებას წმიდა შუშანიკისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის კლასებში მიიღებენ, წიგნიერების სამყაროში კი მეგზურობას კლასის ხელმძღვანელები - ქეთევან გაგოშიძე და ეკატერინე ხეჩუაშვილი გაუწევენ.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წმიდა თამარ მეფის პარაკლისი გადაიხადა და მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით სახელმწიფო და საეკლესიო დროშები აღიმართა. ასევე, გიმნაზიის რექტორი შეხვდა ყველა კლასს, დაულოცა მათ სასკოლო გზა და უსურვა წარმატებები.
იხილეთ ფოტოები: