
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
15 სექტემბერს, სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო, ლამაზმა დახვედრამ კი ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
საზეიმო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნას დაეთმო. წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისა და სწავლისადმი განსაკუთრებული მონდომებისთვის სიგელები მიენიჭათ.
სკოლის დირექტორმა, ნესტან ონიანმა დიდი სიყვარულით მიმართა პატარებს და აკადემიური გზა დაულოცა.
„სწავლის გზა ია-ვარდით გქონოდეთ მოფენილი! იშრომეთ, ისწავლეთ, დაისახეთ მიზნები და აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივმართო პირველკლასელებს, რომლებიც ბედნიერი და გაკვირვებული თვალებით გვიყურებენ, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ აქაურობას. მათ პირველად შემოაღეს სკოლის კარი და მინდა, წარმატებული ადამიანები გაიზარდონ, ჩვენ სასკოლო საზოგადოება კი თავს არ დავზოგავთ ამისთვის.
გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენო მომავალო თაობავ!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: