
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს საეკლესიო ახალ წელს განახლდა.
ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე განსაკუთრებულია - ახალი დასაწყისის, ახალი იმედების, მიზნებისა და ოცნებების დღეა. სკოლა კვლავ გაივსო ბავშვების ჟრიამულით, სიხარულითა და იმ განსაკუთრებული ენერგიით, რომელიც ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ახლავს.
განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები - ბავშვები, რომელთათვისაც დღეს სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მათთვის სკოლის კარი პირველად გაიღო და ეს დღე მათი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისი დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვეს.
„ახალი სასწავლო წელი თითოეულ მოსწავლეს ცოდნის, შემოქმედების, წარმატებისა და კეთილშობილური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას ჰპირდებოდეს. სკოლა კი კვლავ იყოს ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად იზრდება სიყვარული, პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სამშობლოს ერთგულება.
ღმერთმა დალოცოს ახალი სასწავლო წელი, ჩვენი მოსწავლეები, პედაგოგები და თითოეული ოჯახი.
გვქონოდეს მშვიდობიანი, ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი!“,- აღნიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: