ახალი სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ყვარლის №2 საჯარო სკოლაში
17-09-2026

15 სექტემბერს, ყვარლის №2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.

სასკოლო ფორმაში გამოწყობილ პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა. სკოლის დირექტორთან ერთად პატარებს სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებმა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმაც მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ერთნაირ სამოსში გამოწყობილნი მისალოცი სიტყვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარდგნენ სასკოლო ღონისძიებაზე IVა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან კილასონია).

პირველკლასელებს საკლასო ოთახებში მე-12 კლასის მოსწავლეები შეუძღვნენ. ლამაზად მორთულ კლასებში მათ საჩუქრად გადაცემული წიგნები და ბუკები დახვდათ.

პატარებმა დამრიგებლებთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკაც დაათვალიერეს. მათ ყვარლის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს - ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მაია ზარდიაშვილმა, საბიბლიოთეკო გაერთიანების გამგე ნინო მიქელაძემ, ბიბლიოთეკარებმა და ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელმა, დამსახურებულმა პედაგოგმა ზეინაბ ჭიჭიკოშვილმა.

წიგნის მიმართ ინტერესის აღძვრის შემდეგ, მათ აჩვენეს „დედაენის“ ძველი გამოშვება და იმედი გამოთქვეს, რომ ხშირად ეწვევიან ბავშვები ბიბლიოთეკას.

შემდეგ კი, სკოლის დირექტორთან ერთად, სკოლის ეზოს გამწვანებაში შეიტანეს წვლილი და ნერგები დარგეს.

გარდა ამისა, მე-3 კლასის მოსწავლეებმაც, (დამრიგებელი - ნინო წიქარიშვილი), ისევე, როგორც სხვა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წლის დაწყება მხიარულად აღნიშნეს, წაიკითხეს და განმარტეს დამრიგებლის მიერ თითოეულისთვის სპეციალურად შერჩეული სამოტივაციო ფრაზები და საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

შემდეგ ბარათებზე ჩაწერეს საკუთარი მოლოდინები ახალი სასწავლო წლისგან. ამის შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ დახატა ზაფხულის არდადეგებიდან სამი მისთვის დასამახსოვრებელი დღე და წარადგინა მოკლე პრეზენტაცია საკუთარ ნახატებზე.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:   

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203