
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
წელსაც, ტრადიციულად, სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
სკოლა სრულად მომზადებული შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, ბავშვებს კი დაუვიწყარი დახვედრა მოუწყო.
დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, თვალებგაბრწყინებულნი, ახალი ემოციებითა და სწავლის წყურვილით.
მათთვის დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი იწყება, მათ ცოდნაზე კი საკუთარ საქმესა და ბავშვებზე შეყვარებული პედაგოგები იზრუნებენ.
პირველკლასელებს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს, მათ გზა დაულოცა და წინსვლა უსურვა იმ ლამაზ სამყაროში რასაც სწავლა და წიგნის სიყვარული ჰქვია.
„თქვენ ჩვენი მომავალი და იმედი ხართ, თქვენი არსებობით ალამაზებთ ირგვლივ ყველაფერს, ჩვენ უფროს თაობას და თქვენს პედაგოგებს გვაძლევთ იმედს, რომ ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია. პირველკლასელებო, რომლებმაც პირველად შემოაღეთ სკოლის კარი და შემოხვედით ცოდნის ტაძარში, ვიცი, რომ იმედებს გაგვიმართლებთ და თქვენს თვალებში, რასაც ახლა ვხედავ სიხარულს ასე სიხარულით ისწავლით, ჩვენ კი სკოლა, პედაგოგები და მშობლები თავს არ დავზოგავთ, რომ ღირსეულ ადამინებად ჩამოყალიბდეთ და გამოადგეთ ქვეყანას. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩემო მერცხლებო!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: