„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
16-09-2026

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა საბა სამსონიძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თერეზა ჩივჩიანმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს - მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს და მერიის სახელით პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქარი - ინტეგრირებული სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.

პირველი დღე სკოლაში თითოეული ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და  საპასუხისმგებლო ეტაპის დასაწყისია.  სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში „პირველკლასელთა აკადემია“ ხდება მეგზურიც და მეგობარიც - საგანგებოდ პატარებისთვის შექმნილი უნიკალური რესურსი, რომლის სულისჩამდგმელი და ავტორი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ.

თბილი, ფერადი და „ჯადოსნური“ ილუსტრაციები პირველივე დანახვისთანავე იპყრობს ბავშვის ყურადღებას, სახალისო აქტივობებისა და თამაშის პრინციპით აგებული მეთოდოლოგიით, შეუმჩნევლად, ყოველგვარი სტრესისა და ძალდატანების გარეშე ეხმარება პატარებს სასკოლო გარემოსთან შეგუებაში.

„პირველკლასელთა აკადემიის“ მთავარი მისიაა, გააღვიძოს ბავშვში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, აუმაღლოს სწავლის მოტივაცია და აჩვენოს, რომ მეცნიერება და შემეცნება უდიდესი სიამოვნებაა. მისი თარგმნილი და ადაპტირებული ვერსია კი სპეციალურად აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ოჯახებისთვის, პროექტის „სახელმწიფო ენა - პერსპექტივა ყველასათვის“ ფარგლებში შეიქმნა.​

ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობისკენ. „პირველკლასელთა აკადემიის“ საშუალებით, არაქართულენოვანი ოჯახების შვილებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა, პირველივე დღიდან იგრძნონ თავი ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიან წევრებად. ეს არის ხიდი, რომელიც სიყვარულითა და განათლებით აერთიანებს სხვადასხვა კულტურის პატარებს და მათ წარმატებული მომავლისკენ უხსნის გზას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203