
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ.
წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო. პირველი სასწავლო დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული ემოციებითა და მოლოდინებით იყო სავსე. წინ მათ უამრავი ახალი აღმოჩენა და საგანმანათლებლო თავგადასავალი ელოდებათ, მეგზურობას კი მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გაუწევენ.
15 სექტემბერს პატარებს სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ და სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს.
„ეწერის საჯარო სკოლაში დღეს სამმა პირველკლასელმა ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა, პატარა ხელებით პირველად აიღეს კალამი და დიდი მონდომებით დაიწყეს ახალი, საინტერესო გზის გავლა. ეს მხოლოდ სწავლის დასაწყისი კი არა, მათი დიდი ოცნებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია“,- გვეუბნებიან სკოლაში და პატარებს საინტერესო სასწავლო პროცესსა და შემეცნებითი თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდებიან.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: