
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა ყოველდღიური სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი - ყოველთვის დიდი ზეიმი.
ტრადიციულად წელსაც სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
სასწავლო პროცესის განახლებამდე კი სკოლაში ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
პირველკლასელებს სკოლაში საზეიმოდ უმასპინძლეს და სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს.
საზეიმოდ მორთულმა სასწავლო სივრცემ, სპეციალურად მათთვის მოწყობილმა სახალისო აქტივობებმა პატარებს მართლაც დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. პატარებმა სპეციალურად მათთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე გაიარეს და წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს, სიხარულით გაიცნეს მათ განათლებაზე მზრუნველი თბილი და მოსიყვარულე პედაგოგები.
პირველკლასელებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა ფატიმა სიორიძემ. მან პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„ძვირფასო პირველკლასელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება N2 საჯარო სკოლაში
ერთად ვიწყებთ დიდ და საინტერესო მოგზაურობას!“, -აღნიშნა დირექტორმა.
სკოლის ხელმძღვანელი სასწავლო პროცესის განახლებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს:
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებსა და სკოლის თითოეულ თანამშრომელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“