„წინ გელოდებათ საოცარი მოგზაურობა ცოდნის სამყაროში“ - საზეიმო პირველი ზარი მერევის საჯარო სკოლაში
16-09-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ -  პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“.

პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე და პატარებს პირველი სასწავლო დღის მღელვარება სიხარულად უქციეს. მათ წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს, მათ ხომ მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ. 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

სკოლის დირექტორმა ეკატერინა ღუღუნიშვილმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 

სკოლის კარი კიდევ ერთხელ იღება ახალი ოცნებების, ახალი მიზნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

განსაკუთრებით გვინდა მივესალმოთ ჩვენს პირველკლასელებს - რომლებიც დღეს პირველად შემოდიან სკოლაში. 

ძვირფასო პირველკლასელებო, წინ გელოდებათ საოცარი მოგზაურობა ცოდნის სამყაროში — თქვენი პირველი ზარი, პირველი გაკვეთილი, პირველი მეგობრები და უამრავი დაუვიწყარი დღე. სკოლაში მოსვლა ყოველთვის სიხარულთან, მეგობრობასთან და წარმატებასთან იყოს დაკავშირებული. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, იოცნებეთ თამამად და არასოდეს შეგეშინდეთ ახალი ნაბიჯების!

მთელ სასკოლო საზოგადოებას ვუსურვებთ მშვიდ, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.

მრავალ წარმატებას, ბედნიერ და ლამაზ სასკოლო დღეებს გისურვებთ!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203