ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ 36-ე თაობა საზეიმოდ მიიღო - 120-მდე პირველკლასელისთვის პარაკლისი აღევლინა
15-09-2026

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

15 სექტემბერს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა გიმნაზიელთა 36-ე თაობას შეეგება სიხარულითა და სიყვარულით.

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ეს დღე პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ და ახალ გარემოს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს ეცნობიან.

ტრადიციულად, 120-მდე პირველკლასელისთვის, მათი პედაგოგებისა და ოჯახის წევრებისთვის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სკოლის მოძღვარმა მამა დიმიტრი სარჯველაძემ აღავლინა პარაკლისი, დალოცა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პატარებს და მათ აღმზრდელებს.

მოსწავლეთა საზეიმო მიღების ორგანიზებაში დახმარებისთვის სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ​ტექნიკურ პერსონალსა და დამლაგებლებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება ტრადიციად არის ქცეული და ბავშვების მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203