ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია
15-09-2026

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, STEAM მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად სკოლების შერჩევას იწყებს.

STEAM Twinning პროექტის მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და STEAM მიმართულებით განხორციელებული პროექტების პოპულარიზაცია.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს, რომლებსაც საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მინიმუმ 30 მოსწავლე და მოტივირებული და თანამშრომლობის მსურველი მასწავლებლების გუნდი, მათ შორის: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის პედაგოგები.

მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/PVkkJuzhho2W5dCM7

სკოლების შერჩევას განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი, რომელშიც ასახული იქნება პროექტში მონაწილეობის მოტივაცია, არსებული შესაძლებლობები და STEAM მიმართულებით პროექტების განხორციელების ხედვა.

პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც ჩართულია eTwinning-ის პროგრამაში და ჰყავს პედაგოგები, რომელთაც მიღებული აქვთ ეროვნული და/ან ევროპული ხარისხის ნიშანი.

სკოლების თანაბარი კონკურენტული გარემოსა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებში მდებარე სკოლების მონაწილეობას.

კონკურსის შედეგად შერჩეული 15 სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, უზრუნველყოფილი იქნება პროექტების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სასწავლო რესურსებით.

შერჩეული სკოლების მასწავლებლებისთვის ცენტრის ბაზაზე განხორციელდება მიზნობრივი გადამზადება, რომელიც დაეხმარება მათ STEAM მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების ეფექტიან გამოყენებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203