
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული, თბილი და ემოციური განწყობით ელიან. დირექტორი, თამილა მეგრელი, აკადემიურ მზაობასთან ერთად, იმ განსაკუთრებულ სამზადისზე გვიამბობს, რომელიც წლევანდელ სასწავლო წელს გამორჩეულ ელფერს სძენს - სასწავლო წლის მთავარი და ყველაზე ამაღელვებელი სიახლე ერთი პირველკლასელი გოგონას მიღებაა.
„წელს განსაკუთრებული ატმოსფერო გვაქვს - სკოლაში შვიდი მოსწავლე გვყავს, ყველა ბიჭია და ერთადერთ პირველკლასელს - პატარა ქალბატონს ველით, რომელმაც სასკოლო ფორმა სიხარულით მოირგო და ძალიან მოსწონს“...
მცირეკონტინგენტიანი სკოლების მართვა სპეციფიკურ პროფესიონალიზმს, ინდივიდუალურ მიდგომებსა და მოქნილ მეთოდოლოგიას მოითხოვს. იმისათვის, რომ პირველკლასელმა გოგონამ თავი მარტოდ არ იგრძნოს, ქალბატონი თამილა გვიმხელს, რომ სასწავლო პროცესს კლასკომპლექტის მოდელით წარმართავენ.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს მოსწავლეთა შორის ჯანსაღ ინტერაქციას, ავითარებს თანამშრომლობით უნარებს განვითარებასა და ქმნის მეგობრულ გარემოს - თამილა მეგრელის ლიდერობით, ორხვის საჯარო სკოლაში თითოეული ბავშვი ინდივიდუალური ყურადღების ცენტრშია, პროფესიონალი პედაგოგები კი მოუთმენლად ელიან საყვარელ მოსწავლეებს.