„ჩვენთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებისა და შესაძლებლობების საწყისია“ - გოჩა ჩადუნელი, ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი
11-09-2026

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხუნევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების სიხარული უკვე იგრძნობა - ცოდნის ტაძარში, რომელიც მალე ბავშვების ხალისიანი ხმებით აივსება, დირექცია, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანდა: საყვარელ მოსწავლეებს სათანადო გარემო დაახვედრონ; მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, თითოეულ დეტალს კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რადგან ხუნევის საჯარო სკოლაში ყველამ იცის - გარემოს, სადაც ბავშვი განათლებას იღებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ჩადუნელი ღიმილით უამბობს, რომ პირადადაა ჩართული ყველა საკითხში, ამოწმებს ონკანებს, მონაწილეობს სამღებრო სამუშაოებში, კოლექტივთან ერთად, პირდაპირი მნიშვნელობითაც დებს თითო აგურს სკოლის განვითარებაში და იმასაც დასძენს, რომ უკვე რესურსებიც ადგილზეა, მათ შორის სახელმძღვანელოები.

„ჩვენთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებისა და შესაძლებლობების საწყისია. მზად ვართ ბავშვების მისაღებად... მთავარი ძალა, რაც ამ კედლებს აცოცხლებს, ჩვენი მასწავლებლებისა და მოსწავლეების სიყვარულია. ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, წიგნებიც ადგილზეა და იმასაც სიხარულით აღვნიშნავ: გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნება სკოლებში თითოეული ქართველისთვის უდიდესი სიმდიდრეა...  ეს ფაქტი განსაკუთრებულ მუხტსა და სიხარულს სძენს როგორც პედაგოგებს, ისე მომავალ პირველკლასელებს, რომლებიც მშობლიური ანბანის სამყაროში ამ გენიალური წიგნით შეაბიჯებენ.

ასე რომ, მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად - მთელი კოლექტივი, ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებლები, უდიდესი ენთუზიაზმით ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება და ჩვენს მონატრებულ ბავშვებს შევეგებებით“, - ამბობს სკოლის დირექტორი, რომლის  ლიდერობით, პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, ხუნევის საჯარო სკოლამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათ დიდ ოჯახში თითოეულ მოსწავლეს განსაკუთრებული სიყვარულით ელიან და მზად არიან, მათთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი ჩაწერონ სკოლის ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203