„ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, რათა ქვეყანას განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები აღვუზარდოთ“ - ახალქალაქის N5 სკოლის დირექტორი ნაზენიკ მოსოიანი
11-09-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს სკოლები მოსწავლეების მისაღებად ემზადებიან. განსაკუთრებული მოლოდინი კი, ტრადიციულად, პირველკლასელების დახვედრას უკავშირდება.

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში წელს 13 პირველკლასელი შეაღებს კარს. როგორც სკოლის დირექტორი ნაზენიკ მოსოიანი გვეუბნება, სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია, მოსწავლეებს კი 15 სექტემბერს ტრადიციულად განსაკუთრებული ღონისძიება ელოდებათ. 

„ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, რათა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ღირსეულად დავხვდეთ. ვცდილობთ, სასწავლო წლის დაწყება ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო ლამაზი და დასამახსოვრებელი გავხადოთ. პირველკლასელებისთვის კი განსაკუთრებული დახვედრა გვაქვს, რადგან ისინი პირველად შემოაღებენ სკოლის კარს“, -აღნიშნავს დირექტორი.

მისი თქმით, პატარებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი სკოლის მეთორმეტეკლასელებსაც აქვთ მომზადებული. სასკოლო წიგნებსა და ნოუთბუქებთან ერთად, უფროსკლასელები პირველკლასელებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში მოსწავლეებს სკოლის დირექტორი და პედაგოგები მიმართავენ, წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ პირველკლასელები მათთვის სპეციალურად მომზადებულ საკლასო ოთახებში გადაინაცვლებენ, სადაც, როგორც დირექტორი ამბობს, ლამაზი, ფერადი და მათ ინტერესებზე მორგებული გარემო დახვდებათ.

სკოლის დირექტორის თქმით, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მთავარი ძალა მაღალკვალიფიციური პედაგოგები არიან, რომლებისთვისაც ბავშვებთან ურთიერთობა მხოლოდ პროფესია არ არის.

„სკოლაში მაღალკვალიფიციური პედაგოგები მუშაობენ და რაც მთავარია, უყვართ ბავშვები. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მოსწავლე, რომელიც პირველიდან მეთორმეტე კლასამდე შენს თვალწინ იზრდება. ხედავ მის წარმატებას, სიხარულსა და ზოგჯერ ტკივილსაც. მათთან ერთად განიცდი და მათ წარმატებას გულწრფელად ხარობ“, - ამბობს დირექტორი.

ტრადიციულად, წელსაც სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ. სკოლის ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა სწავლა სომხეთში გააგრძელა, დანარჩენები კი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. 

„მათი წარმატება ძალიან გვახარებს. ყოველთვის ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩვენს კურსდამთავრებულებსა და მათ მომავალ მიღწევებს“, - აღნიშნავს ნაზენიკ მოსოიანი

სკოლა წელს სასწავლო პროცესს ახალი წესებით აახლებს. სკოლაში უკვე განთავსებულია მობილური ტელეფონების შესანახი სპეციალური ყუთები. 

დირექტორის თქმით, სკოლის შინაგანაწესით მოსწავლეებს გაკვეთილის მიმდინარეობისას ტელეფონის გამოყენების უფლება აქამდეც არ ჰქონდათ, თუმცა მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი მიდგომა დადებით ცვლილებად მიაჩნია.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მახარებს, რადგან ვფიქრობ, მოსწავლეები უფრო მობილიზებული და სწავლაზე ორიენტირებული იქნებიან“, - ამბობს ის.

ნაზენიკ მოსოიანი მიესალმება სასკოლო ფორმების შემოღებასაც. მისი თქმით, ​პირველკლასელებმა სასკოლო ფორმები უკვე შეიძინეს. სიახლე ახარებთ მათ მშობლებსაც.

„ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. სასკოლო ფორმა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას - ბავშვებს აღარ ექნებათ ერთმანეთთან ტანსაცმლის შედარების მიზეზი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დროული გადაწყვეტილებაა, მოსწავლე ხომ უნდა გავდეს მოსწავლეს“, - აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელის შეფასებით, სკოლაში აუცილებელია დისციპლინაზე, ცოდნასა და სწავლაზე ორიენტირებული გარემოს არსებობა, რაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენასა და სასწავლო პროცესში მეტად ჩართულობაში დაეხმარება. „ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანას განათლებული, ნასწავლი და წარმატებული ახალგაზრდები აღვუზარდოთ“, - დასძენს ახალქალაქის N5 საჯარო სკოლ სკოლის ხელმძღვანელი ნაზენიკ მოსოიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203