
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზადაა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლა ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით შეხვდება.
სკოლის დირექტორის - რუზან ტეპოიანის თქმით, ეს განსაკუთრებული დღე სკოლაში მხიარულ და თბილ გარემოში ჩაივლის. ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართება.ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს სკოლის დირექტორი და პედაგოგები მიულოცავენ.
„ტრადიციულად ყოველ წელს დიდი სიხარულით ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ღონისძიებას სკოლის ეზოში ვმართავთ, დიდი ჟრიამული სუფევს ყოველთვის. ღონისძიებაში თავად მოსწავლეები მონაწილეობენ - მღერიან, ცეკვავენ, ამბობენ ლექსებს“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი.
წელს სკოლა 26 პირველკლასელს ელოდება.
როგორც რუზან ტეპოიანი აღნიშნავს, ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი უნდა იყოს.
„ვცდილობთ, პატარებს პირველი სასკოლო დღე გავულამაზოთ და სკოლასთან ადაპტაციაში დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია, მათ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნონ, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველივე დღიდან თბილი და მეგობრული გარემო შევუქმნათ“, - ამბობს დირექტორი.
პირველკლასელებს სახელმწიფოს გამოყოფილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცემათ. საზეიმო ღონისძიების შემდეგ ისინი საკლასო ოთახებში გადაინაცვლებენ, სადაც მათ სპეციალურად მოწყობილი, ფერადი და თბილი გარემო დახვდებათ.
დირექტორი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებაზეც.
„სკოლა პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივცეთ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი 12 კურსდამთავრებულია, რომლებმაც მაღალი ქულებით თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩააბარეს. ეს შედეგი ნამდვილად გვაძლევს სიამაყის საფუძველს. პრაქტიკულად არ მახსენდება წელი, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესობას კარგი შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში არ ჩაებარებინა“, - აღნიშნავს დირექტორი.
სკოლაში უკვე დამონტაჟებულია სპეციალური ყუთებიც, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების განმავლობაში ტელეფონებს განათავსებენ.
დირექტორის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი ხანია ელოდა და მიაჩნია, რომ მობილური ტელეფონების აკრძალვა მოსწავლეებს სწავლის პროცესზე უკეთ კონცენტრირებაში დაეხმარება.
„ტელეფონები ყუთები უკვე განთავსებულია, დიდი ხანია ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მახარებს. ვფიქრობ, მოსწავლეები უფრო მობილიზებულნი და სწავლაზე ორიენტირებულნი იქნებიან და ტელეფონებში ყურებით ყურადღება არ გაეფანტებათ“,-აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი.
რუზან ტეპოიანი დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებასაც და იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი რეგულაცია მაღალი კლასების მოსწავლეებზეც გავრცელდება.
„ასევე მახარეს ფორმების შემოღება და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ მაღალ კლასებზეც გავრცელდება, მიმაჩნია მოსწავლე უნდა გამოირჩეოდეს თავის სასკოლო ფორმით“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა და ფორმების დანერგვა დაეხმარება მოსწავლეებს უფრო მეტად კონცენტრირდნენ სასწავლო პროცესზე.
„მიმაჩნია, რომ მოსწავლემ სკოლიდან მაქსიმალური ცოდნა უნდა წაიღოს, რადგან განათლებაა მისი მომავლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, ვფიქრობ, სწორედ ამას ემსახურება ახალი წესები“, - აღნიშნავს ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.