
2027-2028 სასწავლო წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, ენის ცოდნის დადასტურება სავალდებულოდ მოეთხოვებათ.
მთავრობის დადგენილებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საქართველოში სწავლის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
ალტერნატივად, მას შეეძლება ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ენის გამოცდა.
ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე იქნება საჭირო.
თუ პროგრამა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დამატებით მოუწევს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.