
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. მათ შორისაა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლა.
როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს
პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.
სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.