„სასკოლო ფორმა სოციალური თანასწორობის შეგრძნებას იწვევს“ - წითელსოფლის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ამაიაკ საიადიანი
07-09-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია. 

სომხურენოვან სკოლაში წელს 7 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად ემზადებიან. საზეიმო ღონისძიებისთვის ლექსებს, სიმღერებსა და საცეკვაო ნომრებს სწავლობენ პატარებიც. 

სკოლის დირექტორის ამაიაკ საიადიანის თქმით, გაიმართება საზეიმო მიღება, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ, პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცემათ კუთვნილი კომპიუტერები, ასევე სახელმძღვანელოები. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლის კარს მოსწავლეები სასკოლო ფორმებით შეაღებენ. როგორც დირექტორი გვეუბნება, სასკოლო ფორმები პატარებმა უკვე სიხარულით მოირგეს და შეიძინეს. 

„მახარებს, რომ ყველა მოსწავლეს ერთნაირი ფორმა ეცმევა, რაც ერთიანობის განცდასა და მეტ პასუხისმგებლობას მისცემს მოსწავლეს. დარწმუნებული ვარ, მეტად მობილიზებულნი, მოტივირებულნი იქნებიან. მეც მეცვა სკოლაში ფორმა და ვფიქრობ, სოციალურ თანასწორობის შეგრძნებას იწვევს. ვფიქრობ, გადაწყვეტილება დროულია“,- აღნიშნავს ამაიაკ საიადიანი

სკოლის ხელმძღვანელის თქმით, სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. განსაკუთრებით კი ახარებთ, როცა საკუთარი შრომის შედეგს იმკიან. 

„სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს პროფესიონალთა გუნდი, წელს სკოლა 4-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ორი უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა და „1+4 პროგრამით“ გააგრძელებს სწავლას, რაც ძალიან მახარებს“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი და იმედოვნებს, რომ პირველკლასელებიც ასეთივე ენთუზიაზმით ისწავლიან, დირექცია და პედაგოგები კი მათთვის საუკეთესო ცოდნის მისაცემად ყველაფერს გააკეთებენ. 

დიდ იმედი მაქვს ჩვენი პირველკლასელებიც ასეთივე ენთუზიაზმით ისწავლიან და შეუყვარდებათ, სკოლა, სწავლა და რაც მთავარია წიგნი, ჩვენ კი ხელს შევუწყობთ თითოეული დღე გავულამაზოთ მათ და სკოლაში მათთვის უსაფრთხო და მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს დავახვედრებთ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანლი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203