„მოსწავლე, რომელიც პირველად შემოაღებს სკოლის კარს აუცილებელია დადებითი ენერგიით დაიმუხტოს“- შულავერის N2 სკოლა სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ ხვდება
07-09-2026

​15 სექტემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა პირველკლასელებისთვის. მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება - ახალი გარემო, პირველი მასწავლებელი, თანაკლასელები და სკოლის ყოველდღიურობა. სწორედ ამიტომ, სკოლებში პირველკლასელების მისაღებად განსაკუთრებულად ემზადებიან და ცდილობენ პატარებისთვის სკოლის პირველი დღე სიხარულთან, დადებით ემოციებთან და სასიამოვნო მოგონებებთან იყოს დაკავშირებული.

ახალ სასწავლო წელს სიხარულითა და განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა. 

რუსული და ქართულენოვანი სექტორის საშუალო სკოლაში, წელს 40 პირველკლასელს ელოდებიან. მათგან 35 მოსწავლე სწავლას რუსულ, ხოლო 5 - ქართულ სექტორზე დაიწყებს.

სკოლის დირექტორის ზახიდ მადატოვი თქმით, პირველკლასელების მიღება სასკოლო საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა.

ამიტომ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში ტრადიციულად განსაკუთრებული სამზადისი მიმდინარეობს. სკოლის ეზო და საკლასო ოთახები საზეიმოდ ირთვება, რათა პატარებს პირველივე დღეს თბილი და სადღესასწაულო გარემო დახვდეთ. 15 სექტემბერს, პირველკლასელებს და მათ მშობლებს დირექტორი პირადად ხვდება და სასწავლო წლის დაწყებას მათთან ერთად აღნიშნავს. 

„ჩემს კაბინეტში, მშობლებთან ერთად, ვსტუმრობ პირველკლასელებს, სადაც კომპიუტერები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცემათ, ასევე სკოლის მხრიდან პატარა სიურპრიზი და საჩუქარი ელოდებათ ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავს ზახიდ მადატოვი. 

საზეიმო ღონისძიების შემდეგ პირველკლასელებს პედაგოგები საკლასო ოთახებში შეუძღვებიან, სადაც მათ ასევე განსაკუთრებულად მოწყობილი და სადღესასწაულო გარემო დახვდებათ.

დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვმა, რომელიც პირველად შეაღებს სკოლის კარს, პირველივე დღიდან იგრძნოს, რომ სკოლა მისთვის მეგობრული და უსაფრთხო სივრცეა.

„აუცილებელია მოსწავლე, რომელიც პირველად შემოაღებს სკოლის კარს დადებითი ენერგიით დაიმუხტოს. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ის შემდგომში ბავშვის განწყობასა და სწავლის სურვილზეც აისახება. გვინდა, პირველკლასელებმა თავიდანვე იციდნენ, რომ სკოლა მათი მეორე სახლია, სადაც მათ ყოველთვის სიხარულით ელიან“,- გვეუბნება დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელი დიდი ხანია სასკოლო ფორმების შემოღების მომხრეა და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა. მისი თქმით, სიახლე დადებითად მიიღეს როგორც მშობლებმა, ისე თავად მოსწავლეებმა. 

„ძალიან გამიხარდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ყოველთვის მომწონდა იდეა. დღეს კი ვხედავ პატარებიც სიხარულით ირგებენ ფორმებს. ჩემთვის ეს მხოლოდ ჩაცმულობის საკითხი არ არის - ერთიანი ფორმა თანასწორობის განცდასაც ქმნის“, - ამბობს ზახიდ მადატოვი.

სკოლის ხელმძღვანელის განმარტებით, მისი სურვილი, სკოლებში ერთიანი სასკოლო ფორმა შემოღებულიყო, სწორედ მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირების საჭიროებით იყო განპირობებული.

„ზოგი მოსწავლე განსაკუთრებულად იყო ჩაცმული, ზოგს კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ეს ბავშვებისთვის შეიძლება გულსატკენი ყოფილიყო. ახლა ყველას ერთიანი ფორმა ექნება და არცერთი მოსწავლე ჩაცმულობით აღარ გამოირჩევა მეორისგან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იყოს. ვფიქრობ, თანასწორი გარემო დადებითად აისახება როგორც მოსწავლეებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ისე მათ სასწავლო მოტივაციასა და სწავლის ხარისხზეც “, - დასძენს შულავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ზახიდ მადატოვი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203