
დღეს, 4 სექტემბერს პარლამენტის განათლების კომიტეტზე 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მონაცემებს განიხილავენ. ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, აღნიშნულ პერიოდში რა მიმართულებით რა რაოდენობის თანხები მიიმართა.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შედეგებზე, სადაც ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სტატუსის მინიჭების სქემაში ჩართული იყო 52 297 პედაგოგი და მათ შორის - 3 863 უსტატუსო.
„სტატუსი მიენიჭა 285 უფროს და 142 უფროს სპეციალურ მასწავლებელს, მაძიებლობის პროგრამაში შემავალი აკადემიური კურსი წარმატებით დაასრულა - 56-მა მასწავლებლობის მაძიებელმა, ამასთან, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 39 პირი, ჩატარდა 2 საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლობის მაძიებლებთან და ტუტორებთან;
მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და სტატუსის მინიჭების სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 297 მასწავლებელი, მათ შორის: პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო - 3 863 (7,4 %), უფროსი - 38 776 (74,1 %), წამყვანი - 8 842 (16,9 %), მენტორი - 816 (1,6 %).
ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 375 სპეციალური მასწავლებელი, მათ შორის: უსტატუსო - 130 (5,5 %) მასწავლებელი, უფროსი - 2 235 (94,1%), წამყვანი - 10 (0.4%)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.