
მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ბევრ ქვეყანაში მადლიერების გამოხატვის ტრადიციული ფორმაა, თუმცა არსებობს სახელმწიფოები, სადაც მოსწავლეს აკრძალული აქვთ პედაგოგისთვის თაიგულის მირთმევაც კი.
სამხრეთ კორეაში მოსწავლეს არ აქვს უფლება, მასწავლებელს ინდივიდუალურად ყვავილი, მათ შორის ტრადიციული მიხაკი, აჩუქოს. შეზღუდვა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნაწილია და ვრცელდება იმ მასწავლებლებზე, რომლებიც მოსწავლის შეფასებასა და სასწავლო პროცესზე გავლენას ახდენენ. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ყვავილს მოსწავლეთა წარმომადგენელი მთელი კლასის სახელით, საჯაროდ გადასცემს.
2026 სასწავლო წლის დასაწყისში, საპირველსექტემბროდ მსგავსი შეზღუდვა ყაზახეთმაც შემოიღო - ქვეყანაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან სკოლებში მასწავლებლებისთვის ყვავილების, ისევე როგორც სხვა საჩუქრების, მიტანა აიკრძალა. 28 აგვისტოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ სკოლის ტერიტორიაზე მასწავლებლებისთვის ყვავილებისა და საჩუქრების ჩუქება არ დაიშვებოდა. თუმცაღა განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყაზახეთში 1-ელ სექტემბერს მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება დამკვიდრებული ტრადიციაა და ბევრი აღიქვამს არა ქრთამად ან საჩუქრად, არამედ პედაგოგებისთვის პატივისცემის გამოხატვის სიმბოლოდ. 1-ელი სექტემბრის ყავილების გარეშე დაწყება განსაკუთრებით გააპროტესტეს პირველკლასელთა მშობლებმა და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის მასწავლებლისთვის პატივისცემის გამოხატვის ლამაზი ჟესტია.
29 აგვისტოსვე სამინისტრომ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, რომ ყვავილის მიტანა აკრძალული არ არის, თუ ეს მშობლისა და ბავშვის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. თუმცაღა სკოლებსა და მასწავლებელებს ეკრძალებათ ფულის შეგროვება ან ამის ვალდებულების დაკისრება.
„1-ელ სექტემბერს მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება კარგი ტრადიციაა. თუმცა, ეს არ უნდა იქცეს ვალდებულებად, შეჯიბრად ან ზედმეტი ხარჯების წყაროდ“,- აღნიშნეს ქვეყნის განათლების სამინისტორში.
სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ თაიგულის ფასი და ზომა არ უნდა იყოს მშობლებს შორის შეჯიბრის საგანი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის თაიგულის ზომა და ღირებულება, არამედ ბავშვის პატივისცემა მასწავლებლის მიმართ. ამიტომ, ყვავილების ჩუქების გადაწყვეტილება თითოეული ბავშვისა და მათი მშობლების ნებაყოფლობით არჩევანზე უნდა დარჩეს“,- განმარტეს სამინისტროში.
ამრიგად, ის, რაც ერთი ქვეყნისთვის პატივისცემისა და მადლიერების ტრადიციული ჟესტია, სხვაგან შესაძლოა ანტიკორუფციული წესების დარღვევად ჩაითვალოს.