როდესაც მცირეკონტინგენტიანი სკოლის დიდ წარმატებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული მოსწავლის ისტორია მთელი ქვეყნის მომავალს ქმნის. წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე მხოლოდ ორი კურსდამთავრებული გააცილა და ორივე მათგანმა ასახელა ოჯახიც, სკოლაც, პედაგოგებიც...
ისინი ამაყად თავაწეულნი დაადგნენ ცხოვრების ბილიკებს და წლების შემდეგ, ასევე ამაყად ჩადგებიან სამშობლოს სამსახურში.
ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას:
ნიკოლოზ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში იდგება - მისთვის სამხედრო სამსახური არა ვალდებულება, არამედ მამაცობისა და თავგანწირვის გამოხატულებაა, რიგითი ჯარისკაცის მუნდირი კი - პატრიოტიზმის ხელშესახები დასტური.
...და სანამ ნიკოლოზი ქვეყნის აწმყოსა და საზღვრებს დაიცავს, ანი ჩინჩალაძე ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის საძირკველს შეისწავლის - მან ღირსეულად მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და სწავლას ისტორიის მიმართულებით გააგრძელებს.