გაიცანით და-ძმა რეხის საჯარო სკოლიდან, რომლებიც უკვე სტუდენტობას ზეიმობენ - დირექტორის ემოციური მიმართვა
25-08-2026

საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიანეთში, თითოეული სკოლის წარმატება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი - ეს გახლავთ დაუღალავი შრომისა და  უდიდესი მონდომების შედეგი... და დღეს წალკის მუნიციპალიტეტის, რეხის საჯარო სკოლა სწორედ ამ ტიტანური შრომის შედეგებით ტკბება -  მათ ორი კურსდამთავრებული გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე - და-ძმა, ელენე და გიორგი მანძულაშვილები. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ - ასე რომ, ერთი საკლასო ოთახიდან დაწყებული გზა ამიერიდან სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელდება.

ერთ ოჯახში, ერთ გარემოში გაზრდილმა და-ძმამ დაამტკიცა, რომ ერთსულოვნებითა და მიზანდასახულობით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი, ამ წარმატების უკან კი დგას რეხის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის თავდაუზოგავი შრომა.

სკოლის დირექტორი, ნინო ლომაშვილი, რომელიც მუდამ განსაკუთრებული მზრუნველობით ადევნებს თვალს თითოეული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებას, ამ დიდ მიღწევას განსაკუთრებული სიამაყითა და სიყვარულით ეხმაურება:

„გილოცავთ, ჩემო კარგო ბავშვებო, ცხოვრების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს! დაე, ეს ნაბიჯი თქვენი შემდგომი წინსვლის, წარმატებისა და ნათელი მომავლის საწინდარი ყოფილიყოს. უამრავ წარმატებას გისურვებთ თქვენ მიერ არჩეულ გზაზე! მიყვარხართ!“ - აღნიშნავს ნინო ლომაშვილი, ჩვენ კი დავძენთ, რომ ​ელენესა და გიორგის წარმატება მხოლოდ მათი ოჯახისა თუ სკოლის გამარჯვება კი არა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ თუ გაქვს მიზანი, გყავს გვერდით ისეთი გულშემატკივრები, როგორებიც რეხის სკოლის მასწავლებლები და დირექტორი არიან, წარმატება გარდაუვალია!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203