
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იწყება მუშაობა რეპეტიტორიუმის სახელმძღვანელოებისთვის. ასევე უახლოეს პერიოდში შეარჩევენ და გადაამზადებენ პედაგოგებს, რათა შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.
„რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29-ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10-ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი - ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი. ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.