საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.
მინისტრმა დასძინა, რომ მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ სამინისტროსგან კი არ შეიძინონ უნიფორმა, არამედ შეუკერონ შვილებს ანალოგიური დიზაინის სამოსი, მაშინ, როდესაც, რამდენიმე დღის წინ, სამინისტროში განმარტავდნენ, რომ მშობლებს ფორმების შეკერვის უფლება არ ჰქონდათ, რადგან გერბს და სხვა დეტალებს დამზადებისას ვერ გაითვალისწინებდნენ - სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“
`საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, ისევე როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ და ასევე დააანონსა იმ ბენეფიციართა წრის გაფართოება, ვისაც სახელმწიფო სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ გადასცემს: მოსწავლეები, მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოცდაუცველთა ბაზაში არის 65 001-დან 120 ათასამდე, ფორმას ასევე უფასოდ მიიღებენ. მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილებაში აღნიშნული ცვლილება უახლოეს მომავალში აისახება.