
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების კანონის საფუძველზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე სახელმწიფო გერბის სრული სახით იქნება დატანებული.
ინფორმაციისთვის: სასკოლო ფორმებს მშობლები შეიძენენ რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.
ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ:
1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.