
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი „გაეროს მოდელირების“ რეგიონული ეტაპის საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა. ინიციატივაში აბაშის მუნიციპალიტეტიდან 19 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში დელეგატების როლში მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთნენ.
რეგიონული ეტაპის დასრულების შემდეგ 8 საუკეთესო დელეგატი გამოვლინდა. მათ შორის აღმოჩნდა აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი.
14 აგვისტოს, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, წარმატებულ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. თინათინ მიგინეიშვილი მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.
სკოლა ულოცავს თინათინს ამ მნიშვნელოვან წარმატებას - „ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებულ პროექტებში მონაწილეობას!“