„გზა, რომელსაც განათლებაში გავდივართ, არასდროს სრულდება“ - გაიცანით ცერონისის სკოლის დირექტორი, რომელსაც კომპეტენცია 3 საგანში აქვს დადასტურებული
19-08-2026

ნამდვილი ლიდერობა მუდმივი განვითარება, სიახლეების ძიება და კოლექტივისთვის მოტივაციის მიცემაა. როდესაც სკოლის ხელმძღვანელი თავად არ წყვეტს წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას, ეს მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის უდიდესი სტიმულია. სწორედ ასეთი სამაგალითო ნაბიჯი გადადგა ქარელის მუნიციპალიტეტის, ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ფარსატაშვილმა, რომელმაც მორიგ პროფესიულ წარმატებას მიაღწია და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდა ჩააბარა.

როგორც თავად ქალბატონი თამარი აღნიშნავს, ეს გამარჯვება დიდი შრომის შედეგია: „წარმატება არასოდეს არის შემთხვევითი - ის სწორი ადამიანების, დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია! გზა, რომელსაც განათლებაში გავდივართ, არასდროს სრულდება - ის მუდმივ განვითარებასა და სიახლეების ძიებას მოითხოვს“ და შეუძლებელია, არ დაეთანხმო.

ქალბატონი თამარისთვის, როგორც პედაგოგისა და ლიდერისთვის, სწავლება ყოველთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა - ეს სამყაროს შემეცნებისა და ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებაა. ახალი კვალიფიკაციით კი მან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნიკალური სინთეზი შექმნა:

„ფიზიკა - სამყაროს კანონზომიერების გაგება; მათემატიკა (I-VI) - ლოგიკისა და სიზუსტის საფუძველი; კომპიუტერული ტექნოლოგიები - ინოვაცია და მომავლის ინსტრუმენტები. როდესაც ეს სამი სფერო ერთიანდება, მოსწავლეებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობები იხსნება“, - სიამაყით ამბობს ცერონისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც მოუთმენლად ელის ბავშვებთან შეხვედრას, რათა მათ მეტად მრავალფეროვანი, მეტად თანამედროვე და რაც მთავარია, ძალზე საინტერესო სასწავლო პრაქტიკები შესთავაზოს. ​

სკოლის კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ დირექტორს ამ დიდ აღიარებას, თამარ ფარსატაშვილი კი მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც ამ გზაზე მის გვერდით იყო. უდავოა - როდესაც სკოლას სათავეში უდგას ასეთი ლიდერი, მოსწავლეების მომავალი საიმედო ხელშია!​ ​

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203