„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
17-08-2026
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის საჯარო სკოლის დამრიგებლისთვის, ნათია კახნიაშვილისთვის, რადგან 2025–2026 სასწავლო წლის აბიტურიენტები მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები იყვნენ. პედაგოგი მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს და უკვე ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს, რომ ეს მხოლოდ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წინ კიდევ ბევრი გამოცდა, ბევრი შრომა, ახალი გამოცდილება და არაერთი წარმატება გელოდება ელოდებათ.
 
„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ყოველწლიურად განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებით და მთელი გულით ვგულშემატკივრობთ თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
 
თუმცა, 2025–2026 სასწავლო წლის გამოცდები ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. წელს აბიტურიენტები ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები იყვნენ და მათთან ერთად მეც განვიცდიდი თითოეულ წუთსა და წამს. მათი მოლოდინი, შრომა, ნერვიულობა და საბოლოოდ – წარმატება, ჩემთვისაც უდიდესი სიხარულისა და სიამაყის მიზეზია.
 
განსაკუთრებით მჯეროდა, რომ სალომე ბჟალავა, ნინო ნადარაია, მარიამ ჩაჩიბაია და რომა გვაძაბია იმ შედეგს აუცილებლად აჩვენებდნენ, რომელსაც მათი ცოდნა და შრომა იმსახურებდა. სწორედ ასე მოხდა – სხვადასხვა საგანში მათ 50, 60 და უფრო მაღალი ქულები მოიპოვეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა ყოველთვის შრომაზე გადის.
 
მაგრამ წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის. იყვნენ მოსწავლეებიც, რომლებსაც ცოდნასთან ერთად ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა და გამხნევება სჭირდებოდათ. მათ შორის განსაკუთრებულად მინდა გამოვყო დიტო დანელია, რომელმაც დაუღალავი შრომით, მონდომებითა და საკუთარი თავის რწმენით შეძლო სასურველი შედეგის მიღწევა. მისი წარმატება ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყოა.
 
ასევე ვულოცავ ჩემი კლასის თითოეულ აბიტურიენტს, ვინც ამ გზაზე ღირსეულად იარა და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა. თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ, რადგან ამ რთული ეტაპის გადალახვა უკვე დიდი მიღწევაა.
 
ძვირფასო ბავშვებო, გულითადად გილოცავთ! ეს მხოლოდ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წინ კიდევ ბევრი გამოცდა, ბევრი შრომა, ახალი გამოცდილება და არაერთი წარმატება გელოდებათ. მჯერა, რომ ისეთივე თავდადებითა და შემართებით გააგრძელებთ გზას, როგორც აქამდე, და აუცილებლად მიაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც დღეს გულში გაქვთ.
 
გისურვებთ სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას, ბედნიერ სტუდენტურ წლებს, პროფესიულ წარმატებას და ღირსეულ მომავალს.
 
ძალიან მიყვარხართ, უსაზღვროდ მეამაყებით და ყოველთვის მექნება თქვენი იმედი“, - აღნიშნავს ნათია კახნიაშვილი მიმართვაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203