
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასების მშობლიური ენის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, მათთვის სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გაცნობა და მიღებული ცოდნის საკლასო გარემოში ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა.
რეგისტრაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
განაცხადების მიღება 2026 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა
დარეგისტრირებულ პირებს შორის, პროგრამის პირველ ეტაპზე, ტრენინგებს გაივლის პირველი 75 მონაწილე, რომლებიც დასაქმებული არიან მარნეულის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში და აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს. პროგრამაში რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები. ტრენინგები დაეთმობა მოსმენის, მეტყველების, კითხვის, წაკითხულის გააზრების, წერისა და ენობრივი წესების (გრამატიკის) სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობას. პრიორიტეტი მიენიჭება პრაქტიკულ აქტივობებს.
პროგრამა მოიცავს სამ მოდულს (დამწყები, საშუალო და მაღალი) და შერეულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ) 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს - 4 დღე თითოეული მოდულისთვის, დღეში 6 აკადემიური საათი.
პირისპირ ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში (მისამართი: მარნეული, აზიზ ასალანოვის ქ. №2).
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.