
განათლების სფეროში ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი, ყოველი დადასტურებული კომპეტენცია დიდი სასკოლო ოჯახის საერთო გამარჯვებაა და დღეს ერთი ასეთი გამარჯვების შესახებ გიამბობთ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, ივანდიდის საჯარო სკოლის პროფესიონალმა, მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა პედაგოგებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, მთავარი მოტივატორი კი დირექტორი - ქალბატონი ლია ჩიხლაძე გახლდათ, რომელმაც კოლეგებს მისცა მაგალითი, გავიდა უფროსი სპეცმასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე და მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პროფესიონალიზმი.
„უდიდესი სიამაყითა და სიხარულით გვინდა მივულოცოთ ჩვენს ძვირფას კოლეგებს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარება!“, - ასე ულოცავს ივანდიდის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს წინსვლას, უსურვებს ნაყოფიერ, შემოქმედებით, წარმატებულ სასწავლო წელს და გვიზიარებს მათ შედეგებს:
ლია ჩიხლაძე - უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
ნანა კაკაბაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
ნატო ბენდელიანი - საბაზო პროფესიული უნარები;
ელიზა ლიპარტელიანი - ისტორია;
შორენა გუბელაძე - სამოქალაქო განათლება;
იამზე ფანცულაია - სამოქალაქო განათლება;
ჩვენი კი დავძენთ, რომ სწორედ მასწავლებლების დაუღალავი შრომა, მოსწავლეების უპირობო სიყვარული და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა განაპირობებს განათლების მაღალ ხარისხს. გამოცდაზე მიღებული შედეგები კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება შესაბამისი აღიარებით გვირგვინდება.
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ.