
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის თანახმად, რომელიც ახლახან დამტკიცდა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები ყიდვას მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით შეძლებენ.
გარდა ამისა ცნობილია, რომ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, უნიფრომა მხოლოდ პირველკლასელებს ეცმევათ, დანარჩენი მოსწავლეები კი სამოსს ორ ეტაპად მიიღებენ.
დოკუმენტში ასევე გაწერილია, რომ მშობლებს ფორმის გადაცვლა, ზომის უზუსტობის შემთვევაში, 14 დღის განმავლობაში შეეძლებათ, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, ხოლო ამ პროცესების ორგანიზება დავალებული აქვს შპს საგანმანათლებლო რესურსებს.
სწორედ აღნიშნულ შპს-ს ექნება წვდომა იმ მოსწავლეთა მონაცემებზე, რომელთაც სასკოლო ფორმები მთავრობის დადგენილებით უსასყიდლოდ გადაეცემათ, თუმცა დოკუმენტში აქვე განმარტებულია რომ:
„პროგრამით განსაზღვრულ, ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, ასევე მუშავდება საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) სქესი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სკოლა;
ვ) კლასი;
ზ) მოსწავლის სასკოლო ფორმის ზომა;
თ) საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციის, ფაქტობრივი), მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო მონაცემები.
ამ მუხლით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
გამოდის, შპს საგანმანათლებლო რესურსებს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, რომელი მოსწავლე შეიძენს ფორმას და რომელი - არა.
მშობელთა შორის კი ვრცელდება მოსაზრება, იგივე სახის, ოღონდ (როგორც თავად აღნიშნავენ), უკეთესი ხარისხის ქსოვილით, სასკოლო ფორმა თავად შეუკერონ შვილებს.
მიეცემათ თუ არა ამის შესაძლებლობა და ვალდებულია თუ არა ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი სასკოლო ფორმა სახელმწიფოსგან შეიძინოს? - აღნიშნული კითხვით სამინისტროს ცხელ ხაზს მივმართეთ.
სტრუქტურაში განგვიმარტეს, რომ მშობელმა სასკოლო ფორმა უნდა შეიძინოს სახელმწიფოსგან:
„... მშობელი ვერ შეკერავს, ვერც სხვას შეაკერინებს... მშობელი ვალდებულია სასკოლო ფორმა სახელმწიფოსგან იყიდოს, რადგან იქ გერბია, სიმბოლიკაა და ამას ვერ შეკერავენ“.