რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში
28-08-2026

ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სკოლებში მოზარდებს შორის გავრცელებულმა უცნაურმა მემმა - six-seven („სიქს-სევენ“) უფროსები გაურკვევლობაში ჩაყარა. 

როგორც The Guardian წერს,  მასწავლებლები ამ ტრენდს „ყველაზე უგუნურს“ უწოდებენ და  ბრიტანეთში 10 000 პედაგოგის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხუთიდან ოთხ მასწავლებელს გაკვეთილების მიმდინარეობისას, ერთი კვირის მანძილზე, ეს ვირუსული ფრაზა ერთხელ მაინც გაუგონია, ხოლო დაწყებითი კლასების მასწავლებლებს შორის ეს მაჩვენებელი 90%-მდეა. 

სპეციალისტების თქმით, ყველაზე მეტად მათემატიკის მასწავლებლები დაზარალდნენ. იმავდროულად, სხვა საგნების პედაგოგებიც ამბობენ, რომ საკმარისია, ვინმემ ახსენოს 67-ე გვერდი, 1967 წელი ან ნებისმიერი სხვა ფრაზა, რომელიც 6-იანს ან 7-იანს შეიცავს, და კლასი მაშინვე ახმაურდება „six-seven“-ის ძახილით. 

ლონდონის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, რომელსაც ტრენდს აყოლილი მოსწავლეები არაერთხელ უნახავს, ამბობს, რომ ეს ყველაზე უაზრო და ხმაურიანი მემია.

მასწავლებლები, მთელ მსოფლიოში ტრენდთან საბრძოლველად საინტერესო მეთოდებს მიმართავენ. ზოგიერთი პედაგოგი მემის აკრძალვის ნაცვლად კრეატიულ გზას მიმართავს - მაგალითად, უკრაინელმა მასწავლებელმა „6-7“ სასწავლო დავალების ნაწილად აქცია. მან კოლეგებს გამოცდილება სოციალურ ქსელში გაუზიარა. პედაგოგი მოყვა, რომ მოსწავლეებს დაავალა 67-ის გამოყენებით წინადადების სინტაქსური გარჩევა, ასევე 67-ით წინადადებების შედგენა. ყველაზე მკაცრი სასჯელი კი „6-7“-ის შესახებ სკოლის გაზეთისთვის სტატიის დაწერა იყო. ამის შესახებ მასწავლებელმა Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა. კოლეგები მას რჩევისთვის მადლობას უხდიან და საკუთარ გამოცდილებაზეც ყვებიან. 

მიიჩნევა, რომ ტრენდი აშშ-დან გავრცელდა. გამოთქმა პოპულარული ამერიკელი რეპერის, სკრილას ტრეკის - „Doot Doot (6 7)“ წყალობით გახდა. შემდეგ ეს სიმღერა NBA-ის კალათბურთის ვარსკვლავის, ლამელო ბოლის ვიდეოკლიპების საუნდტრეკად გამოიყენეს. ლამელო ბოლის სიმაღლე 190 სანტიმეტრია (6 ფუტი და 7 ინჩი).

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“? რეალურად, არაფერს, მოზარდები კი იყენებენ როგორც:

პასუხს ნებისმიერ გაუგებარ კითხვაზე;

„ასე თუ ისე“- შეფასების სინონიმს ხელის ჟესტთან ერთად;

უბრალოდ ხუმრობას, კლასში მასწავლებლების გასაბრაზებლად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203