სკოლების საყურადღებოდ - ელექტრონული ჟურნალის წარმოების ახალი წესი დამტკიცდა
12-08-2026

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების ახალი წესი დამტკიცდა, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვის, მიღებული შეფასებების ასახვის, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების მიცემისა და შესრულების, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრირების, მასში მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს, ასევე ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ პასუხისმგებლობებს.

სკოლების მთავარი ვალდებულებაა, აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია:

ა) მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების და ფსიქოლოგების – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, საჯარო სკოლა, სადაც ასწავლის, საგანი/საგნები და კლასი/კლასები, რომელსაც ასწავლის; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა);

ბ) მოსწავლეების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (შემდგომ – მოსწავლეები) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც ირიცხება; კლასი/პარალელური კლასი, სადაც ირიცხება; საგანი/საგნები, რომლებსაც სწავლობს; საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) მშობლების/მეურვის/მზრუნველის/კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომ – მშობელი) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც სწავლობს მოსწავლე; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა);

დ) საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის – სახელი; გვარი; პირადი ნომერი; სქესი; სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა);

ვ) საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორი (შემდგომ – ადმინისტრატორი) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა).

ელექტრონულ ჟურნალში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:

ა) მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების წარმოება;

ბ) მოსწავლის განმავითარებელი შეფასების წარმოება;

გ) მოსწავლის სასწავლო პროცესზე დასწრების აღრიცხვა;

დ) მოსწავლისთვის დავალების მიცემა, მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის/ფსიქოლოგის რეაგირება;

ე) სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩანიშვნა (გაკვეთილების ცხრილი, შემაჯამებელი დავალება, შემაჯამებელი დავალების აღდგენა, გამოცდები, შეხვედრა, სხვა აქტივობა);

ვ) „ჩატის“ მეშვეობით ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია;

ზ) საშვის გამოწერა;

თ) მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/დირექტორის მოადგილის რეაგირება;

ი) იმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესის გაცდენის საპატიოდ ჩათვლის აღრიცხვა, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში;

კ) რესურსცენტრის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების მიერ ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი;

ლ) საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენა;

მ) „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203