
ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტების ნაწილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ატესტატის წარდგენა ევალება 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ვის ეხება აღნიშნული რეგულაცია? - აბიტურიენტთა ცნობარში განმარტებულია:
თუ აბიტურიენტმა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო 2011 წლამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ან რეგიონში - შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა წარადგინოს დოკუმენტი.
ამასთან „ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ“.
გარდა ამისა, ატესტატი უნდა წარადგინონ აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს; და ასევე მათ, ვისაც აქვს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.
ცნობარში ვკითხულობთ: „აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე განაცხადოს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი“.
გაითვალისწინეთ: თუ საგამოცდო ბარათზე მითითებული არ არის, ატესტატის წარდგენა არ დაგჭირდებათ.