ქუთაისის N20 სკოლაში, წარმატებული კურსდამთავრებულის ინიციატივით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად სტიპენდია დაწესდა
07-08-2026

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულისა და ქველმოქმედის, მერაბ ჭოხონელიძის ინიციატივით, დაწესდა ყოველწლიური სახელობითი სტიპენდია, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულს გადაეცემა.

პირველი სტიპენდიატი ვახტანგ გრძელიშვილი გახდა.

მერაბ ჭოხონელიძის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის წლიური ფონდი 2400 ლარს შეადგენს და გამარჯვებული კურსდამთავრებული ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების წახალისება, მათი მიღწევების დაფასება და განათლების მნიშვნელობის კიდევ უფრო გამოკვეთა. სტიპენდიის დაწესების შესახებ მერაბ ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაღაც ფორმით დავხმარებოდი ჩემს მშობლიურ სსიპ ქუთაისის N20 საჯარო სკოლას და ამით გამომეხატა მადლიერება ამ სკოლის მიმართ. აქ დავიწყე ჩემი ცხოვრების გზა, აქ მასწავლეს სწორად სიარული და თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში აქაურობის დიდი დამსახურებაა.  ამიტომ გადავწყვიტე დავაწესო ჩემი სახელობის სტიპენდია, რომელსაც ყოველწლიურად მიიღებს ამ სკოლის ის კურსდამთავრებული, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგს დადებს. სასტიპენდიო წლიური ფონდი 2400 ლარია, იმედია მომავალში მეტს შევძლებ. დღეს ამ სტიპენდიის პირველ მფლობელს შევხვდი, ვულოცავ ვახტანგ გრძელიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს. მჯერა მისი მომავლით ვიამაყებთ, სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი. 

მინდა მივმართო ყველას, ვისაც შეუძლია, რომ მსგავსი მოტივაციით ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, გავწიოთ ქველმოქმედება, დავეხმაროთ ნიჭიერ და მიზადასახულ ახალგაზრდებს. ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება ხომ ახალგაზრდა თაობის განათლებაზეა დამოკიდებული“,- აღნიშნავს მერაბ ჭოხონელიძე.

იხლეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203