
სახელმწიფო უნივერსიტეტებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები ადგილების რაოდენობა 120-ით, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე – 25-ით იზრდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კვოტების ზრდა ბაზრის კვლევის საფუძველზე განხორციელდა და უკავშირდება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას.
„120 ადგილით იზრდება ის კვოტა, რაც ბაკალავრიატის დონეზე დადგენილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ბაზრის კვლევის საფუძველზე, როდესაც ეს მიმართულებები დაემატა, ხოლო 25 ადგილით იზრდება სამაგისტრო მიმართულება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
განახლდა - უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა სპეციალობების მიხედვით
მისივე განმარტებით, ცვლილებები უკავშირდება რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი აკრედიტებული პროგრამების დამატებას.
„რეფორმის ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ვიწროპროფილური მიმართულებები, რომლებიც უკავშირდება პედაგოგიურ, ტურიზმისა და აგრარულ მიმართულებებს. შესაბამისად, ზუგდიდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ტურიზმის მიმართულებით მოამზადეს შესაბამისი პროგრამები და გაიარეს აკრედიტაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამილახვარის განცხადებით, ცვლილებები შეეხება აგრარული მიმართულების სამაგისტრო პროგრამებსაც, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის.
„სამაგისტრო სასწავლო კომპონენტები ამიერიდან გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირველკურსელთა მიღება უკვე მოხდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუდენტები, რომლებიც დღეს სწავლობენ, რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში დაასრულებენ სწავლას ტექნიკურ უნივერსიტეტში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აგრარული მიმართულების პროგრამების აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც ახალი სტუდენტების მიღების დაწყების შესაძლებლობას ქმნის.