უმაღლესების დაფინანსების ახალმა მოდელმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სრულად უფასოდ სტუდენტები მხოლოდ 2 სემესტრს ისწავლიან, შემდეგ კი მათ მოუწევთ შესაბამისი კრედიტების დაგროვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლის საფასურის ნახევარს გადაიხდიან.
დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.
დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პირი უფლებამოსილია, ყოველი მომდევნო სემესტრიდან აღიდგინოს დაფინანსება, რისთვისაც ის ვალდებულია, წინა სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის (30 (ECTS) კრედიტი) ან ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის 100%.