ძლიერი სახელმწიფო დგას განათლებაზე, მაგრამ ცოდნა სულიერი საზრდოს გარეშე ადამიანს ვერ აბედნიერებს - ამ სიტყვებით დაიწყო etaloni.ge-სთან საუბარი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ და კიდევ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მამა ილიამ თანამედროვე მშობლებს რამდენიმე რჩევა გაუზიარა, ოჯახური სითბოსა და შვილების სწორად აღზრდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და სიამაყით ისიც აღნიშნა, რომ სექტემბერში სკოლაში 150 პირველკლასელს ელიან.
სად გადის დღეს ზღვარი შვილის თავისუფლებასა და შეზღუდვებს შორის? როგორ გავუგოთ თაობას, რომელიც სმარტფონით ხელში გაიზარდა? - etaloni.ge-ს კითხვებს მამა ილია პასუხობს, დეკანოზი, რომელიც ციფრული ეპოქის გამოწვევებს არა შიშით, არამედ უდიდესი მზაობით ხვდება და კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას უმთავრეს შეგონებას:
განათლებული, ზნეობრივი თაობა არის ერთადერთი მყარი საძირკველი, რომელზეც ძლიერი სახელმწიფო უნდა აშენდეს.
- მამა ილია, ციფრულმა ეპოქამ დღეს თითქმის ყველა ოჯახში გააჩინა ერთგვარი უხილავი ბზარები - მშობლები და შვილები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, თუმცა ხშირად თითქოს სხვადასხვა სამყაროში არიან. თქვენი დაკვირვებით, რა არის ის ყველაზე დიდი, შესაძლოა უნებლიე შეცდომა, რომელსაც თანამედროვე მშობლები შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ?
- ყველაზე დიდი შეცდომა არის ნაკლები კომუნიკაცია შვილთან... შემდგომ კი, მშობლის მხრიდან, აღზრდის ნაკლებობა. ასევე დიდი შეცდომაა, როდესაც მშობელი მხოლოდ თვითონ ცდილობს მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში...
- რას გულისხმობთ?
- კომპლექსური მუშაობის გარეშე შეუძლებელია სრულყოფილი მოქალაქის აღზრდა - ეს არის ოჯახის, სკოლის და ეკლესიის ერთობა.
- დაგვეთანხმეთ, არც ოქროს შუალედის პოვნაა ადვილი - ხშირად მშობლებს ეშინიათ ბავშვის ცხოვრებაზე გავლენის დაკარგვის, რის გამოც ზედმეტად ზღუდავენ მას, ხან კი პირიქით - მეტისმეტ თავისუფლებას აძლევენ. რეალურად, სად გადის ზღვარი გადამეტებულ მფარველობასა და იმ ჯანსაღ თავისუფლებას შორის, რომელიც მოზარდს პასუხისმგებლიან ადამიანად აყალიბებს?
- შვილებს უნდა ვასწავლოთ, თუ რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას, არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას. სკოლა საუკეთესო სივრცეა, სადაც ბავშვი სწავლობს ჭეშმარიტ თავისუფლებას და აღწევს იმ სულიერ ღირებულებას, რომელსაც წმინდა წერილი გვასწავლის: „გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი“.
- როდესაც ოჯახში კომუნიკაციის დეფიციტია, ბავშვი „თავშესაფარს“ ვირტუალურ სივრცეში პოულობს. ურჩიეთ მშობლებს, როგორ დაიცვან ბავშვის ფსიქიკა „ციფრული ტოქსიკურობისგან“ ისე, რომ იგი თანამედროვეობას არ მოწყვიტონ?
- თანამედროვე სამყაროში მშობლები მარტივ გზას ეძებენ ბავშვის დასამშვიდებლად... ადრეული ასაკიდან იწყება ეკრანდამოკიდებულება, რაც ბავშვის ფსიქიკისთვის გამანადგურებელია. ვფიქრობ, მშობელმა ადრეული ასაკიდან უნდა მიაჩვიოს თანატოლებთან კომუნიკაციას, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ერთად უნდა დადგეს ოჯახი-სკოლა-ეკლესია - შვილების აღზრდაში კომპლექსური მუშაობაა საჭირო.
- პირადად როგორ ახერხებთ, ვირტუალურ სივრცეში ჩაკეტილი მოზარდები რეალურ, თბილ, ადამიანურ ურთიერთობებში დააბრუნოთ?
- სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს მკაცრად იკრძალება ტელეფონები... გვაქვს სპეციალურად დამზადებული კარადები, სადაც ყველა კლასს თავისი ინდივიდუალური უჯრა აქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აკრძალვა გამოსავალია. ჩვენ გვაქვს სასკოლო აქტივობები, როგორც სპორტული, ისე საგნობრივი მიმართულებით, რაც მომავალი წლიდან უფრო მასშტაბური გახდება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ნაკლებ დროს დატოვებს ციფრული სივრცისთვის.
- გვიამბეთ თქვენს სკოლაზე, როგორც ბავშვების სულიერ საყრდენზე...
- სკოლაში პირველი კლასიდან იწყება საღვთო სჯულის სწავლება, რასაც მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემის დანიშნულება არ აქვს - ჩვენთან ხდება პირველივე საფეხურიდან სულიერი აღზრდა... შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი შეხება საღვთო სიტყვასთან... ადამიანის დანიშნულება, საღმრთო ნება და განგებულება. სწავლება ჭეშმარიტი რწმენისა და იმედის შესახებ. ვმართავთ საინტერესო დისკუსიას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი მოსწავლეების სულიერ სიმშვიდეს.
ამას გარდა, სკოლაში ტარდება მოძღვრის საათი. მოსწავლეები სასულიერო პირს უსვამენ კითხვებს, ისმენენ პასუხებს, იაზრებენ, მსჯელობენ... ჩვენს სკოლაში სასულიერო პირთა სიმრავლეა და ინდივიდუალური გასაუბრებებიც იმართება.
- ამ ყოველდღიურ შრომაში, რა არის ის მთავარი, ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლა თითოეულ მოსწავლეს გულში უნერგავს?
- წმინდა წერილში წერია: „გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი“ და ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი სკოლის ყოველდღიურობაც.
- დღეს განათლების სისტემაში რეფორმების ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორ ახერხებს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლა, მოერგოს თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ არ დაკარგოს ის უნიკალური მართლმადიდებლური საგანმანათლებლო იდენტობა, რომლითაც ასე გამოირჩევა?
- ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლა 35 წელია, რაც დააფუძნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ... სკოლა ახერხებდა და დღესაც ახერხებს აჰყვეს სიახლეებს, მოქმედებს განათლების სამინისტროს მითითების შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით, თუმცა ის ხაზი, რაც ჩვენი სკოლის სულიერი ღირებულებაა, ხელს არ გვიშლის მუშაობაში.
- განათლებისა და რწმენის ურთიერთმიმართებაზე ხშირად დავობენ. როგორც სასულიერო პირი და პედაგოგი, როგორ ხედავთ ცოდნისა და რწმენის სინთეზს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მომავალში?
- განათლების როლი და მნიშვნელობა განსაზღვრავს როგორც ქვეყნის, ასევე ეკლესიის ხვალინდელ დღეს. გავიხსენოთ, თუ როგორი წმინდა მამები ჰყავდა ეკლესიას - დიდი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლები, ასევე რიტორიკასა და პედაგოგიკაში განსწავლულები. საქართველოს ეკლესიას ჰყავდა ისეთი დიდი წმინდა მამა, როგორიცაა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ათონის წმინდა მთაზე ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი და ეს არამარტო ეკლესიის, არამედ ქართული სახელმწიფოს სულიერი სიმდიდრეა.
ზოგადად, ერის შესახებ ინფორმაცია მის ისტორიაშია, იმ წარსულის მეხსიერებაში, სადაც იძერწებოდა საქართველოს თვითმყოფადობა. გავიხსენოთ წმინდა ტბელ აბუსერისძე - საეკლესიო მწერალი და ჰიმნოგრაფი, ასტრონომი და ქრონოლოგი, რომელმაც ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა აღდგომის გამოთვლის წესებსა თუ ქორონიკონს... სხვა უამრავი საერო თუ სასულიერო მოღვაწე - განათლებული შვილები ჰყავდა და ჰყავს ქვეყანას. სწორედ ასეთი ადამიანებით იქმნება სახელმწიფო და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განათლება რწმენის სიმტკიცეშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წმინდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს „გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება“. მერწმუნეთ, ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა, რწმენის გარეშე, ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი და რწმენაც, საღმრთო ცოდნის გარეშე, არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.
- ამ დიდ საგანმანათლებლო მარათონში, რა იყო თქვენი სკოლისთვის გასული, 2025–2026 სასწავლო წლის მთავარი მიღწევა?
- მთავარი მიღწევა, როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც, იყო მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარება. ცოდნისა და რწმენის სინთეზი, რაც, ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატებაა.
- ახალი სასწავლო წლისთვის კი, როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრ პირველკლასელს ელით...
- მომავალ სასწავლო წელს ვხვდებით სიახლით: 6 ახალი პირველი კლასი გაიხსნება და დაახლოებით 150 პირველკლასელს ველოდებით.
- რა არის თქვენი მთავარი სურვილი და ლოცვა-კურთხევა ამ ბავშვებისთვის?
- სრულიად მიიღონ ის სწავლება, რჩევა თუ დარიგება, რომელსაც სკოლა მიაწვდის... ტალანტი, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, განამრავლონ.
- სკოლის ხელმძღვანელობა დიდ ენერგიასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. როგორ უთავსებთ ერთმანეთს დირექტორის ადმინისტრაციულ ტვირთსა და სასულიერო მსახურებას?
- სკოლის დირექტორობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. მრავალი თაობა აღუზრდია ამ სკოლას და უკვე 35 წელია აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. საეკლესიო მსახურებას და სკოლის თანამდებობრივ საქმიანობას მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით აღვასრულებ. მისი ლოცვა და კურთხევა მეწევა ყოველდღიურ საქმიანობაში.
- ვის მიუძღვის უდიდესი წვლილი იმაში, რომ დღეს ამ გზას ადგახართ? ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენს სულიერ და პიროვნულ საყრდენად რჩება?
- ჩემი მოძღვარი, დეკანოზი გიორგი მულაძე, იყო ის პირველი პიროვნება, ვინც ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მისით შევიყვარე ღმერთი და ის იქცა ჩემთვის მაგალითად სასულიერო ცხოვრებაში.
- დაბოლოს, რომ შეგეძლოთ ახლა თითოეულ მშობელს თვალებში ჩახედოთ და პირისპირ დაელაპარაკოთ, რა იქნებოდა თქვენი მთავარი დარიგება მათთვის?
- არის შემთხვევა, როდესაც მშობელი არ იღებს ჩვენ მიერ ნათქვამ წინადადებას შვილის შესახებ... გვინდა, რომ ეს იყოს ერთობლივი, კომპლექსური მუშაობა ბავშვის სწორად განვითარებაზე, თუმცა ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება გააკეთო, არის მომავალი თაობის სწორად აღზრდა.
ჩემი გულწრფელი დარიგება იქნება შემდეგი: ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილებისთვის!