
ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ფონზე, ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა და XIIა კლასის მოსწავლეთა მასწავლებელმა, ლილე ქარსელაძემ კურსდამთავრებულებს ემოციური წერით მიმართა და გამოცდებზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
მისი თქმით, კუერსდამთავრებულებმა საკუთარი მიღწევებით უნდა იამაყონ, რადგან ეს მხოლოდ მათი წარმატებული გზის დასაწყისია. დირექტორი ამხნევებს იმ აბიტურიენტებსაც, რომელთაც სასურველი შედეგები ვერ მოიპოვებს და დასძენს, რომ ერთი გამოცდა ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, ღირებულებებსა და მომავალს, ამიტომ ახალგაზრდებმა არ უნდა დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და მიზნებისკენ სვლა უნდა განაგრძონ.
„ჩემო უსაყვარლესო მე-12ა კლასის მოსწავლეებო,
დღეს, როცა თქვენი გამოცდების შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება, გული ერთდროულად სიხარულითაც მევსება და მონატრებითაც. თითქოს გუშინ იყო, პირველად რომ შემოხვედით კლასში, დღეს კი უკვე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ.
ვულოცავ, თითოეულ თქვენგანს მიღებულ წარმატებას. თითოეული მაღალი ქულის უკან დგას უძილო ღამეები, შრომა, ნერვიულობა, იმედი და რწმენა. იამაყეთ საკუთარი თავით, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩემო ძვირფასებო, ვისაც ამჯერად არ გამოგივიდათ… გთხოვთ, არასოდეს იფიქროთ, რომ ეს მარცხია. ერთი გამოცდა ვერ განსაზღვრავს ადამიანის ფასს, შესაძლებლობებსა და მომავალს. ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს მეორე შანსს, ზოგჯერ კი ბევრად უკეთესსაც. არ დანებდეთ, ისევ ირწმუნეთ საკუთარი თავის და იბრძოლეთ. მე თქვენით ისევე ვამაყობ, როგორც მათით, ვინც დღეს სასურველი შედეგი მიიღო.
მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არ არის მხოლოდ მაღალი ქულები. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა კარგ ადამიანებად იზრდებით, სიკეთეს ინარჩუნებთ და ღირსეულ გზას ირჩევთ. სწორედ ასეთებად დაგიმახსოვრებთ.
მადლობა, თითოეულ თქვენგანს იმ წლებისთვის, იმ ღიმილისთვის, ცელქობისთვის, სიყვარულისთვის და იმ მოგონებებისთვის, რომლებიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება.
დღეს კი გემშვიდობებით არა სამუდამოდ, არამედ იმ იმედით, რომ ერთ დღეს ისევ შემოხვალთ ჩემს კართან უკვე წარმატებული, ბედნიერი და საკუთარი ოცნებების ახდენით გაბრწყინებული ადამიანები.
გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით თქვენს მშობლებს, არასოდეს დაკარგოთ ადამიანობა და გახსოვდეთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენს მასწავლებელს ყოველთვის ეყვარებით და ყოველთვის იამაყებს თქვენით.
რითაც შემეძლება ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ისევ ისე მოგისმენთ…
წარმატებულ გზას გისურვებთ, ჩემო მერცხლებო, გაფრინდით თამამად, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ, საიდან დაიწყეთ ფრენა….
სიყვარულით და უსაზღვრო სიამაყით, თქვენი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ლილე ქარსელაძე“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში.