
თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის, პროფორიენტაციის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაესწრნენ ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას.
პროფესორებმა - ქეთევან ხუციშვილმა და როზეტა გუჯეჯიანმა მოსწავლეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, ასევე მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს ეთნოლოგია, რაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
ასევე, მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა შეავსეს პროფორიენტაციის სფეროში ყველაზე პოპულარული და აპრობირებული ინსტრუმენტი - ჰოლანდის თვითსაკვლევი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება თვითშეფასების საფუძველზე მათი უნარების და პროფესიული ინტერესების გამოკვეთაში, ასევე ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას შესაფერისი პროფესიების შესახებ.
თვითსაკვლევის შედეგები მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გააანალიზეს.
გასვლით ღონისძიებას პედაგოგი ნინო ლევერაშვილი ხელმძღვანელობდა.